ნინო წილოსანი გიორგი გახარიას: ერთი პარტიის ფორმატში გვიწევს თქვენთან ოპონირება, ვალდებულები ვართ, უფრო კრიტიკულები ვიყოთ

„კრიტიკის ნაწილში, მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა სათანადოდ არ მიმდინარეობს“, - ასე მიმართა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, რადგან ოპოზიციის პარლამენტში არყოფნის გამო უწევთ ერთი პარტიის ფორმატში პრემიერ- მინისტრობის კანდიდატთან ოპონირება, ამიტომ უფრო კრიტიკულები იქნებიან.

„რადგან ოპოზიციის არყოფნის გამო, ერთი პარტიის ფორმატში გვიწევს თქვენთან ოპონირება, ვალდებულები ვართ, უფრო კრიტიკულები ვიყოთ.

კრიტიკის ნაწილში, მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა, რომელიც ჩვენი კომიტეტის მეშვეობით და რა თქმა უნდა სამინისტროს ჩართულობით დაიწყო და 2019 წელს საკანონმდებლო რეფორმა მნიშვნელოვანი „მიწის კანონისა“ და თამდევი კანონების მიღებით დასრულდა, სათანადოდ არ მიმდინარეობს.

ვგულისხმობ იმას, რომ 2020 წელს შექმნილი მიწის სააგენტო, რომელსაც მხოლოდ დოკუმენტური ბაზა უნდა მოეწესრიგებინა და მხოლოს სამი დადგენილება უნდა მიგეღოთ მთავრობას - მიწის ბალანსის აღრიცხვის წესი, კატეგორიების ცვლილებისა და ცვლილებისთანავე ანაზღაურების მიღების წესი, არც ერთი არ არის შესრულებული.

სოფლის მეურნეობის სექტორში მონაწილე მხარეებთან კონსულტაციისას არმოჩნდა, რომ რეფორმებს ვერ გავაგრძელებთ, თუ ჩვენ არ გვექნება მიწის ფონდი და მისი კატეგორიზაცია“, - აღნიშნა წილოსანმა.

წილოსანის თქმით, სოფლის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი.

„სოფლის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს ძალიან დიდი ეფექტი ჰქოდნა. ექსპორტის ნაწილი არის გაორმაგებული, გახუთმაგებული. ევროპის ბაზრები გავქვს ათვისებული. თუმცა, ქვეყნის შიგნით ეს პროგრამები არ ფარავს ყველა სეგმენტს. ქალი ფერმერებისთვი არ არის ეს პროგრამები კომფორტული და ხელმისაწვდომი. ამავდროულად, რიგი რეგიონები და სოფლები დარჩა ტექნიკის გარეშე“, - განაცხადა ნინო წილოსამა.