საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ სპეციალურ განცხდებაშია ნათქვამი, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს.
19 რუსი დიპლომატის გაძევების მიზეზი დიპლომატიური სტატუსის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულობაა.
ევროკავშირის განცხადებით, გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის არაერთ ოკუპირებულ ქალაქში, მათ შორის, ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ მიიღეს.
„ევროკავშირი სრულად სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს ყველა შესაძლო სახის მხარდამჭერას საერთაშორისო პარტნორებთან კოორდინირებით". – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.
ასევე წაიკითხეთ