რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და განუცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულია ბუქარესტში რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელი, რადგან მათი საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება.
ამასთან, უწყებამ მკაცრად დაგმო ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.
მანამდე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.
ასევე წაიკითხეთ