აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაში დაადანაშაულა.
„აშშ მიიჩნევს, რომ „ეფესბე“-მ ნერვულ-პარალიტიკური აგენტი „ნოვიჩოკი“ გამოიყენა ალექსეი ნავალნის მოწამვლის მიზნით. ალექსეი ნავალნის მოწამვლის სხვა დამაჯერებელი ახსნა-განმარტება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ამაში რუსეთის ხელისუფლება მონაწილეობდა“, - განუცხადეს ამერიკულ გამოცემა The Hill-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიება ამერიკული სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაციაა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ალექსეი ნავალნის მხარს ამერიკული სპეცსამსახურები უჭერენ, ხოლო რუსულ სპეცსამსახურებს მისი მოკვლა არ სჭირდებოდათ.
ვლადიმერ პუტინი გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რუსეთი დაინტერესებული იყო ოპოზიციონერის მოშორებით. პუტინის თქმით, რომ ყოფილიყო სათანადო ინტერესი ოპოზიციონერს "ნამდვილად გაანეიტრალებდნენ".
ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.