ნათელაშვილის თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიიღებს წერილს იმის თაობაზე, რომ სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკოს ყველა წევრს დაედოს სავიზო და საფინანსო სანქციები".
ნათელაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის მიერ ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
„კარგი ამბები მოდის ვაშინგტონიდან. დღეს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას, ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს, ვისი ხელითაც პრეზიდენტმა გააყალბა არჩევნები და მიითვისა ძალაუფლება, დაედოთ სავიზო და ფინანსური სანქციები. ვიმედოვნებ რომ აშშ-ის ხელისუფლება ასევე მოკლე ვადებში განახორციელებს, ასევე ცენტრალური გამყალბებელი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა და უშიშროების სახელმწიფო სამსახურის სანქცირებას", განაცხადა ნათელაშვილმა
გვაქვს მოლოდინი, რომ ვაშინგტონი მოკლე ვადებში მიიღებს ჩამკეტ გადაწყვეტილებას, რაც დაამთავრებს სამარცხვინო, ერთპარტიული ე.წ. პარლამენტის არსებობას ევროპის იმ სივრცეში, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში იყო ქრისტიანული ცივილიზაციის საფუძველი. ქრისტიანული ცივილიზაცია და ერთპარტიული პარლამენტი შეუთავსებელია დემოკრატიისთვის. ვერანაირი საქმე ვერ განხორციელდება თანამონაწილეების გარეშე.
ყველა უბნის თავმჯდომარე, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში, ვისი ხელითაც ყალბდება, უნდა აეკრძალოს ევროკავშირში და აშშ-ში მიმოსვლა. ვაპირებთ, ხვალ გავუშვათ წერილი ვაშინგტონში.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მიიღებს ჩვენს წერილს იმის თაობაზე, რომ სუს-ის ხელმძღვანელობას და ცესკოს ყველა წევრს დაედოს სავიზო და საფინანსო სანქციები. წერილის გაგზავნას „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით ვაპირებთ და იმედია, კოლეგები შემოგვიერთდებიან. ოპოზიციური სპექტრიც იზიარებს ამას“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.