დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებთან მუშაობაც საინტერესოა

"ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებთან მუშაობაც საინტერესოა." - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად სამთავრობო პროგრამის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას.

დიმიტრი ხუნდაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში.

„სამუშაოსთვის საკმარისი დროა, ჩვენ გვაქვს კიდევ ოთხი წელი. სასურველია, რა თქმა უნდა, ეს ოთხი წელი ყოფილიყო ოპოზიციასთან ერთად, რამეთუ კრიტიკის ფასი ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ კრიტიკა უკეთესისთვის და არა უარესისთვის. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ისინი შემოვლენ, თან ოპოზიციაში არიან ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებთან მუშაობაც საინტერესოა, მაგრამ მათი სამუშაო ადგილი არის პარლამენტში და მათი რესურსი, ინტელექტი, შესაძლებლობები ქუჩაში არ უნდა იფანტებოდეს“, - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა პარლამენტის 54-მა წევრმა. ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ.