სახალხო დამცველი  საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული ცვლილებები

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც არ აითვისებენ მათთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს, არ მიეცემათ საბიუჯეტო დაფინანსება. გარდა ამისა, ასეთ პარტიებს აღარ გამოეყოფათ უფასო საეთერო დრო წინასაარჩევნო პერიოდში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ვრცელ განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებიდან ჩანს, სახალხო დამცველს უკვე შეფასებული აქვს მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების ჭრილში.

"კერძოდ, 2008 წლის I ნახევრის ანგარიშში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა სერიოზულ დარტყმას აყენებდა ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლებას და კანონში შეტანილ შესაბამის ცვლილებას პარტიების მიმართ გამოყენებულ სანქციად აფასებდა. აღნიშნული შეფასებები დღესაც აქტუალურია."

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასთან ერთად მათ საკუთრების უფლებასაც ზღუდავს. მოქმედი კანონის შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს დაკმაყოფილებული აქვთ მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა - მიღებული აქვთ ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც და წარდგენილი აქვთ წერილობითი თანხმობა, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებადაა საჭირო. ევროსასამართლოს განმარტებით, „საკუთრება“ მოიცავს მოთხოვნებსაც, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იცავს ლეგიტიმურ მოლოდინს მათი შესრულების თაობაზე. ინიცირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს უკვე დამდგარი მოთხოვნის გაუქმებას ოპოზიციური პარტიებისათვის, რაც საკუთრების შეზღუდვად უნდა იქნეს მიჩნეული. იგივე შეეხება პოლიტიკური პარტიებისათვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმებასაც."

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, მათ შორის პარტიების დაფინანსებასთან თუ უფასო საეთერო დროის გამოყოფასთან დაკავშირებული რეგულაციები პარტიებს შორის იყოს შეთანხმებული და არ იყოს მხოლოდ ერთი სუბიექტის მიერ ექსკლუზიურად განსაზღვრული.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს წარმოდგენილი ცვლილებები, რადგან ის არღვევს პოლიტიკური პარტიებისათვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებრივ გარანტიებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც პარტიებს, რომელთა დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ. სხდომაზე გადაწყდა, რომ საკითხს მეორე მოსმენით იმ დრომდე არ განიხილავენ, სანამ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები არ დაიდება.