რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში წლიდან წლამდე მიმდინარეობდა გამოუსადეგარი წიგნების განადგურების კამპანია. მისი თქმით, იკრძალებოდა კულინარიული ლიტერატურაც კი, იმის გამო, რომ საზიარო არ ყოფილიყო ბორშჩი.
„უკრაინაში ყველაფერი იკრძალებოდა. ყველაფერი რაც დაკავშირებული იყო ეთნოსთან და კულტურასთან. კულინარიული წიგნებიც კი. რატომ? იმიტომ რომ, არ შეიძლებოდა ბორში ყოფილიყო საერთო.ის ერთი ხალხის, ერთი ეროვნების კუთვნილება უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა საერთო ყოფილიყო? და ყველა ქალაქსა და რეგიონში დიასახლისს თავისებურად მოეხარშა? არა. მათ(უკრაინელებს) არ უნდათ კომპრომისზე წასვლა. სწორედ ეს არის ქსენოფობია, რასიზმი და ექსტრემიზმის ყოველგვარი გამოვლინება“, - განაცხადა ზახაროვამ.
unian წერს, რომ 2019 წელს რუსეთის ხელისუფლებამ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბორშჩს „ეროვნული სამზარეულოს სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი რუსული კერძი“ უწოდა.
საპასუხოდ უკრაინის კულტურის სამინისტრომ ბორშჩი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა.
ამის შემდეგ მოსკოვმა მიანიშნა, რომ კიევის ეს კულინარიული ინიციატივა მისთვის მიუღებელი იყო. რუსეთის სახელისუფლებო გამოცემა „Российская Газета“-მ უკრაინის ნაბიჯს „საერთაშორისო სკანდალის საფუძველი უწოდა“.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.