თურქეთი იუწყება თავდასხმის შესახებ რუსულ ტანკერზე, რომელსაც საქართველოში ზეთი გადაჰქონდა

შავ ზღვაში შეტევა განხორციელდა ტანკერზე Midvolga-2, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მიჰქონდა მზესუმზირის ზეთი.“ ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს თურქეთის მთავარი საზღვაო სააგენტო იუწყება. Midvolga-2 რუსეთის დროშით მცურავი ტანკერია.


რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, გემის მფლობელია სანაოსნო კომპანია „სრედნევოლჟსკაია", რომელიც მოსკოვშია რეგისტრირებული. რუსეთის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში „ტასს“ განუცხადეს, რომ Midvolga-2-ზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო, რის შესახებაც შეტყობინება დილის რვა საათისთვის მიიღეს. სააგენტოს თანახმად, ტანკერი უმნიშვნელოდაა დაზიანებული.


„საჭირო შეტყობინებები გადაეცა შესაბამის მხარეებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებას,“ - განაცხადა თურქმა ოფიციალურმა პირმა კომენტარის გაკეთების თხოვნისას, თუმცა Reuters-ის ცნობით, მას დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.


უკრაინამ რუსულ ტანკერ MIDVOLGA-2-ზე თავდასხმა ოფიციალურად უარყო. "უკრაინას არანაირი კავშირი ამ ინციდენტთან არ აქვს, ჩვენ ვუარყოფთ ნებისმიერ ბრალდებას, რომელსაც რუსული პროპაგანდა წევს წინ. ამასთან ერთად, მარშრუტი რუსეთიდან საქართველომდე თურქეთის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გავლით იმის ეჭვებს აჩენს, რომ რუსეთმა ამ ყველაფრის ინსცენირება მოაწყო," - ამბობს უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი გეორგიი ტიხიი.

სოციალურ ქსელ X-ში თურქეთის საზღვაო სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თავდასხმა თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 130 კილომეტრში მოხდა და ტანკერმა, რომლის ეკიპაჟის 13 წევრი არ დაშავებულა, თავისივე ძრავების გამოყენებით გეზი აიღო თურქეთის პორტ სინოპისკენ.