საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას გამოეხმაურა.
"აბსოლუტურად გამანადგურებელია იმის ნახვა, როგორ ახორციელებს რუსეთი დარტყმას კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, რომელიც მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს "ტვიტერზე" საქართველოს საგარეო უწყება.
დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლე კირილენკოს განცხადებით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა. 38 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 საავადმყოფოში.
მისივე თქმით, დაჭრილია 98 ადამიანი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ მიღებული.
სარაკეტო დარტყმა კრამატორსკში სადგურს 8 აპრილის დილით მიაყენეს. ავიადარტყმის დროს სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდნენ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება