9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კონსტანტინ კოჩეტოვი. 7 აპრილს, 21 საათზე საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად. 8 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ეგორ ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით. პოლიტბიუროს სხდომას არ ესწრებოდნენ ლონდონიდან ახალდაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი. შემდგომში გორბაჩოვი ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა პოლიტბიუროს გადაწყვეტილების შესახებ. გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ.
ოპერაციის ხელმძღვანელებად დაინიშნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი და კონსტანტინ კოჩეტოვი. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერაციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან. 8 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი. როდიონოვმა, კოჩეტოვმა და პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის დაშლის ზოგადი გეგმა. 8 აპრილს ჩატარებულ პარტიულ სხდომაზე პატიაშვილმა უარყო კომპარტიის ზოგიერთი წევრის მოწოდებები მომიტინგეებთან მოლაპარაკებისკენ, ასევე უარი ტქვა მოსკოვიდან შევარდნაძისა და გიორგი რაზუმოვსკის, რომელიც პარტიულ კადრებს განაგებდა, თბილისში ჩასვლაზე. 8 აპრილს გაიმართა საქართველოს სსრ-ის თავდაცვის საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ როდიონოვი და კოჩეტოვი. სხდომის ჩანაწერი არ არსებობს. შეტევის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე შედგა სატელეფონო საუბარი პატიაშვილსა და როდიონოვს შორის, სადაც როდიონოვმა დაარწმუნა პატიაშვილი, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ.
9 აპრილს გამთენიისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიმართა რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, გააფრთხილა ისინი მოსალოდნელი ძალადობის შესახებ და დაშლისკენ მოუწოდა. მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. დილის 4 საათზე დაიწყო მიტინგის დარბევა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ლენინის მოედანიდან და ძერჟინსკის ქუჩიდან დაძრულმა ჯავშანტრანსპორტიორებმა და ტანკებმა. ჯარისკაცები შეიარაღებულნი იყვნენ სასანგრე ბარებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით. ქლოროპიკრინის ბაზაზე დამზადებული აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია მრავალი სასიკვდილო შედეგი.
საქართველოს უზენაესი საბჭოს საგამოძიებო კომისიამ ძალის გამოყენება უკანონოდ მიიჩნია და პასუხისმგებლობა დააკისრა თავდაცვის მინისტრს, გენერალ იაზოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის უფროს ვიქტორ ჩებრიკოვს და პარტიის ცკ-ში სოფლის მეურნეობის მდივანს ეგორ ლიგაჩოვს, ასევე საქართველოს სსრ-ის პარტიულ ხელმძღვანელობას. კომისიის დაკსვნით ოპერაცია იყო სადამსჯელო, რადგან არსებობდა ალტერნატიული ზომების გამოყენების შესაძლებლობა. 9 აპრილის მოვლენების შესასწავლად კომისია იყო შექმნილი ასევე სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა კრების მიერ ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. სობჩაკის კომისიის მოხსენებასა და საბჭოთა სამხედრო პროკურატურის ანგარიშებში არ იყო პასუხი გაცემული ბევრ კითხვაზე, არ იყო ნახსენები გორბაჩოვის როლი და არ იყო გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირები. საბჭოთა პრესა „კრასნაია ზვეზდა“ და „ლენინსკოე ზნამია“ დამახინჯებით აშუქებდა მომხდარს. არავინ მიცემულა პასუხისგებაში.
15 აპრილს ჩატარდა მსხვერპლთა მასობრივი დაკრძალვა, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. მთავრობის სახლის წინ კიბეები გადაიქცა თაყვანისცემის ადგილას, სადაც აღიმართა დროებითი მემორიალი. 9 აპრილი უკვდავყოფილ იქნა ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით.
33 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.