ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ მხარეებმა ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე ილაპარაკეს.
„უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად, დღეს კიევში ჩემს მეგობარ ზელენსკის შევხვდი. ვმუშაობთ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას უკრაინისადმი რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ“, - დაწერა ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში.
ბორის ჯონსონი დღეს კიევში მოულოდნელად ჩავიდა.
ბრიტანეთი გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები აშშ-ს და ევროკავშირის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა დაუწესა.
8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით $130 მილიონის სამხედრო დახმარებას გაგზავნის.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ