უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ემზადებიან ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით მნიშვნელოვანი ბრძოლებისთვის.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრძოლების ფონზე მზადაა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები გამართოს.
„უკრაინა ყოველთვის ამბობდა, რომ მზად არის მოლაპარაკებისთვის და ყოველთვის მოძებნის გზებს, ომის დასასრულებლად. პარალელურად, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ მზადებას მნიშვნელოვანი, როგორც ამბობენ, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით. ჩემთვის რთულია და არ მინდა ჩემს თავზე ავიღო პასუხისმგებლობა პროგნოზებთან დაკავშირებით. მე შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა ჩემი სახელმწიფოს დაცვასა და ბრძოლაზე, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვავლენთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთითა და სამხრეთით გრძელდება საოკუპაციო ძალების თავმოყრა. მტერი დიდი რაოდენობით ჯარის, ტექნიკისა და შეიარაღებული ადამიანების მობილზებას ახდენს, რომლებიც აპირებენ უკრაინის ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილის ოკუპაციას.
"ეს იქნება მძიმე ბრძოლა, ჩვენ გჯერა ჩვენი ბრძოლის, ჩვენი გამარჯვების. ამიტომ მზად ვართ ვიბრძოლოთ და პარალელურად მოვძებნოთ ესა თუ ის გზა დიპლომატიაში, რომელიც შეძლებს ამ ომის დასრულებას", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ