აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა.
ალიევის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 9 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოსტკონფლიქტური ვითარებისა და ბრიუსელში 6 აპრილს გამართული მოლაპარაკებების შესახებ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუს კოლეგას აცნობა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანული მხარის 5 პირობა მიიღო. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს:
- მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა;
- მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ;
- მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან;
- მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია;
- დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ;
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“.
ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი გასულ კვირას ბრიუსელში შეხვდნენ.
26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა.
ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს.
2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
ასევე წაიკითხეთ
აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა