დევიდ კრამერი: ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს

"ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს" - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერიმ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

როგორც კრამერიმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეფასებისას აღნიშნა, მას არა აქვს სურვილი საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, თუმცა ეს მაინც მოხდება, თუ ოპოზიციამ ბოიკოტი გააგრძელა.

"საქართველოს წინაშე ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა, საქართველო, რომელიც რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, სწორ გზაზე დაბრუნდეს. საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს დასავლეთში. ვაშინგტონში ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ეს მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება.

არ მინდა, რომ საქართველო შეუერთდეს მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია, მაგრამ ეს გარდაუვალია თუ ოპოზიცია ბოიკოტს გააგრძელებს და "ქართული ოცნება" პარტიებს აკრძალავს.

ერთპარტიული პარლამენტია ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, კუბაში, ვიეტნამში, ლაოსში და ძალიან არ მინდა, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალში იყოს საქართველო.

იმედი მაქვს, პოლიტიკოსები ორივე მხარეს გააცნობიერებენ, რომ ეს პროცესი დამღუპველია და კრიზისის მოგვარებაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" პარტიას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ცალკე აღებულ სხვა პარტიებთან მიმართებაში, პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, მას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. ეს ქართველი ხალხის ინტერესშია. იმედი მაქვს, 2021 წელს საქართველოში ვიხილავთ ისეთ პარლამენტს, რომელიც მოსახლეობის დამოკიდებულებას უკეთ ასახავს,"- განაცხადა დევიდ კრამერიმ.