ვიქტორია კოვალენკო უკრაინელი ქალია, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა უფროსი ქალიშვილი და ქმარი მოუკლეს. BBC-სთან ინტერვიუში ჰყვება, რომ გადატანილი ტრაგედიის შემდეგ ახლა 1 წლის ვარვარაზე ფიქრობს, უმცროს ქალიშვილზე, რომელთან ერთადაც ერთი თვე იყო ტყვედ.
მისივე თქმით, იმ დღის საშინელება არასოდეს დაავიწყდება.
როგორც კოვალენკო იხსენებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ცხრა დღე იყო გასული როდესაც ოჯახმა ჩერნიგოვოდან გაქცევა ქვეყნის ჩრდილოეთით გადაწყვიტა, რადგან პეტროს და ვიქტორიას შვილების დაცვა სურდათ. ქალს 12 წლის ვერონიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ვარვარა კი ერთი წლის იყო.
ქალაქიდან გასვლის შემდეგ ერთ-ერთი სოფლის მახლობლად გზა გადაკეტილი დახვდათ. მეუღლე სიტუაციის გასარკვევად გადავიდა და სწორედ ამ დროს ესროლეს მანქანას.
„ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა ვერონიკამ ტირილი დაიწყო, რადგან თავი შუშაზე გამეჭრა და სისხლი მომდიოდა. ხელები ამიკანკალდა, მისი დამშვიდება ვცადე. ის მანქანიდან გადმოვიდა და მეც გავყევი. გადმოსვლისას დავინახე, როგორ დაეცა. როდესაც შევხედე თავი აღარ ჰქონდა", - აცხადებს BBC-ის რესპონდენტი.
მისივე თქმით, მანქანას რუსული ჭურვი ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა.
„ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, ჩემი პატარა ქალიშვილს ხელში მეჭირა და მის უსაფრთხოებაზე ვფიქრობდი".
პეტრო აღარ უნახავს, მაგრამ მისი დუმილით მიხვდა რომ რომ ქმარიც გარდაცვლილი იყო. დამწვარი მანქანიდან გაიქცა. შემდეგი 24 საათი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა. საბოლოოდ კი ვარვარასთან ერთად გაჩერებულ მანქანაში იპოვა თავშესაფარი. მალე სროლა დაიწყო და იქვე მდებარე პატარა შენობაში შეაფარა თავი.
მეორე დღეს ისინი რუსულმა ჯარმა პატრულირებისას იპოვეს, ტყვედ აიყვანეს და სოფელში წაიყვანეს. დედა-შვილმა მომდევნო 24 დღე სარდაფში, საშინელ პირობებში გაატარეს. ვიქტორია უყურებდა, როგორ იღუპებოდნენ ადამიანები მის ირგვლივ, რადგან არ უტარდებოდათ სამედიცინო დახმარება. ოთახში 40 ადამიანი იყო. ვიქტორია ამბობს, მცირე ადგილი ჰქონდათ გადაადგილებისთვის ან სიარულისთვის. სინათლე არ იყო, ამიტომ სანთლებსა და სანთებელებს იყენებდნენ. ხალხს სუნთქვა უჭირდა. ადამიანების უმეტესობას ტუალეტში გასვლის უფლებაც არ ჰქონდათ.
ვიქტორიამ ოკუპანტებს სთხოვა სკოლაში მიეტანათ პეტროსა და ვერონიკას ცხედრები, რათა დაესაფლავებინა ისინი.
ქალს ახსოვს ცხედრების ჩამოსვენების დღე.
„12 მარტი იყო, დამირეკეს და მითხრეს, წავიდეთ და ნახავ, სად დავასაფლავებთო. ტყეში დაკრძალეს, ორ საფლავში, ერთი დიდი და მეორე უფრო პატარა ყუთი ესვენა.
ადგილზე დავრჩით და მიწის მიყრა დავიწყეთ, უცებ დაბომბვა დაიწყო. ისევ გავიქეცით, ეს საშინელება იყო.
„საშუალება რომ მოეცათ ისე ვესროდი პუტინს, რომ ხელი არ ამიკანკალდებოდა“ - ამბობს ვიქტორია ინტერვიუში.
პეტროსა და ვერონიკას საფლავები ახლა ორი ხის პატარა ჯვრითაა მონიშნული.