საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ისაუბრეს შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შეიძლება, ჰქონდეს.
„ბატონ ვარჰეისთან ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ ყველა შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ამ გზაზე. მადლიერი ვარ მისი, რადგან მასთან ძალიან ღია და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მოვისმინეთ მისი ხედვები, რაც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, რათა ეფექტურად შევძლოთ ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობა, რასაც ჰქვია კითხვარის შევსება.
რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობის, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენ, ყველა, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამისთვის. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს ევროკავშირში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა