პრეზიდენტი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღება არის ახალი შანსი, მოსახლეობა, პარტიები, ყველა უნდა გავერთიანდეთ, ესაა ეროვნული ინტერესი, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს შეგვიძლია

დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოსთვის „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის“ გადაცემის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

„დღეს ევროკავშირისგან მივიღეთ ის კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდებოდით რამდენიმე წელი. ესეც კარგად თუ გამოგვივიდოდა. ესაა არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას. ამას უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს , ევროკავშირის ხელმძღვანელობას, კომისიას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ ამას კიდევ უფრო უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის დადგებოდა ეს დღე ამას ვერავინ ვერ იტყოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო, რომ აეჩქარებინა ეს პროცესი. „გაეხადა ეს პროცესი უფრო  პოლიტიკური ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე ბრიუსელში და შემდეგ გადავიდა რეალობაში და დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი. ეს არაა მხოლოდ კითხვარი და ამაზე კი და არას პასუხი. ესაა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ დღეს პასუხისმგებელნი ჩვენი  შემდგომი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას ან ვერ შევძლებთ და ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული და არავისზე სხვაზე. ამიტომ ამისთვის უნდა იყოს მობილიზებული ყველა ძალა. ესაა ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება, რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებითა და ძალისხმევით. ესაა ეროვნული საქმე, [თუ რამეს ჰქვია ეროვნული] , ესა ეროვნული ინტერესი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ „ეროვნულ დღეზე“ ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. „პირველი დამოუკიდებლობის დღიდან ამაზე ოცნებობდნენ და ამ საქმის მიმართ ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებული, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობა თუ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი. ეს კითხვარი ეხება საქართველოს, როგორ არის დღეს, რა პრობლემები და მიღწევები არსებობს. ეს არის შედეგი რეალურად. გუშინწინ ვიყავით აქ შეკრებილი, 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის კიდევ ერთხელ გახსენების დღე იყო, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრიობის კუთხით. ეს 31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ სრული, არამხოლოდ სერიოზულობით, მაგრამ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არ არის გაერთიანებული. მას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა, ყველას მოგიწოდოთ, ქალაქში, თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ეს არის ეროვნული თანხმობა, ეროვნული ინტერესი ამ მიზნის ირგვლივ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს შეგვიძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.

28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

ამავე თემაზე

ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა