რუსეთმა შიდა ვალზე ფაქტობრივად დეფოლტი გამოაცხადა და ობლიგაციების მფლობელებს გადახდა აშშ დოლარის ნაცვლად რუბლში შესთავაზა. ამის შესახებ CNN საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ზე დაყრდნობით იუწყება.
სარეიტინგო კომპანიის მონაცემებით, რუსეთი შეეცადა დოლარში ნომინირებული ორი სახეობის ობლიგაციის რუბლში განაღდებას, რომელთა დაფარვის დროც 4 აპრილს ამოიწურა. გადაწყვეტილება უდრის „არჩევით დეფოლტს“ აცხადებს S&P. რუსეთს აქვს შეღავათიანი 30-დღიანი პერიოდი, რომ ვალდებულება შეასრულოს, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილს S&P-მ რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი რეიტინგი SD-მდე შეამცირა.
„ჩვენ არ ველით, რომ ინვესტორები რუბლში გადახდების კონვერტირებას მოახდენენ [თავდაპირველად გათვალისწინებულ] აშშ-ი დოლარის ეკვივალენტში, ან ხელისუფლება მოახდენს ამ გადახდების კონვერტირებას საშეღავათო პერიოდში“, - ნათქვამია სარეიტინგო სააგენტოს პრეს-რელიზში.
აღნიშნული ინფორმაცია CNN-ს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრმა ჯონ კუპერმა დაუდასტურა.
დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს.
11 აპრილს რუსეთის ფინანსთა მინისტრმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გამოთქვა მზადყოფნა სასამართლოში წასვლის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ დეფოლტი გამოცხადდება. ამ დროისთვის რუსეთს არ აქვს წვდომა $300 მილიარდის სავალუტო რეზერვებზე სანქციების გამო, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა.
9 აპრილს S&P Global Ratings-მა "შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსკოვი საგარეო ვალის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებით გადახდას ვეღარ შეძლებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ევრობონდების პროცენტი რუბლში გადაიხადა.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ