აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
მთავრობის უცვლელ შემადგენლობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. მთავრობის შემადგელობას მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" თოტხმეტმა დეპუტატმა. მთავრობის დამტკიცების წინააღმდეგი იყო ოპოზიციური ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ უმაღლეს საბჭოში შესული ერთადერთი დეპუტატი, ირაკლი ჩავლეიშვილი.
აჭარის მთავრობის წევრები არიან:
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.
სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე.
განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
აჭარის უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საბჭოში წარმოდგენილ სუბიექტებთან კონსულტაციის შედეგად.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსულტაცია 22 დეკემბერს გამართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან და 23 დეკემბერს გამოსცა განკარგულება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის წარდგენის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 14 „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და 7 ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“. ეს ბლოკი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მის შედეგებს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციური ბლოკიდან არჩეული 7 დეპუტატიდან 6-მა უმაღლეს საბჭოს მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად. საბჭოში საქმიანობა გადაწყვიტა ბლოკის საარჩევნო სიის წევრმა, ყოფილმა რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა.