უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი Facebook-ზე წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა მარიუპოლში რუსული ძალების ალყა გაარღვიეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდნენ.
"მარიუპოლში, 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, გაარღვიეს ალყა და აზოვის პოლკს შეუერთდნენ, რომელმაც პროფესიონალურად უზრუნველყო ეს ღონისძიება.
შედეგები?
1. აზოვის ბატალიონმა არსებითი გაძლიერება მიიღო;
2. 36-ე ბრიგადა გადაურჩა განადგურებას და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად მიიღო მეორე შანსი;
3. ქალაქის მცველებმა, ახლა უკვე ერთად, სერიოზულად გააძლიერეს თავიანთი თავდაცვითი ტერიტორია;
საერთო ჯამში, გაიზარდა და გაძლიერდა ქალაქის თავდაცვის სისტემა. აი რა ხდება, როდესაც ოფიცრები თავს არ კარგავენ და მტკიცედ ინარჩუნებენ ჯარების მართვის სადავეებს. მოდით ჩვენც არ დავკარგოთ. ჯარმა იცის რას აკეთებს", - წერს არესტოვიჩი.
11 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში მებრძოლი საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის სახელით, რომ საბოლოო ბრძოლა ექნებათ, რადგან რესურსები იწურება.
შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟინმა განაცხადა, რომ ქვეყანა მარიუპოლის დასაცავად შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც აკეთებს და ქალაქის დამცველებთან კავშირზეა.
მოგვიანებით, მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ თქვა, რომ ინფორმაცია, თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა.
1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს