რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, უკრაინაში სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას გამოეხმაურა.
„ცალკეული გარეწრები, რომლებიც საკუთარ თავს უკრაინის მთავრობას უწოდებენ, ამბობენ, რომ სურთ ვიქტორ მედვედჩუკისგან მტკიცებულებების მოპოვება, მისი "სწრაფად და სამართლიანად" გასამართლება და შემდეგ ტყვეებში გაცვლა. ეს ადამიანები გარშემო ყურადღებით უნდა იყურებოდნენ და ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავად არ მოხვდნენ“,- აცხადებს მედვედევი.
12 აპრილს უკრაინაში პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.
2021 წლის მაისში კიევში გაჩხრიკეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამად წოდებული უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის სახლი. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.
პროკურატურის ინფორმაციით ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ.
66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც 620 მლნ. დოლარს შეადგენს, ამავე დროს პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმას“ ლიდერია. ის ასევე ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და მისი ქალიშვილის ნათლიაა. მედვედჩუკი უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება, და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.
ასევე წაიკითხეთ
პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში დააკავეს