ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. რუსების სანქცირებულთა სიას კიდევ 206 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა.
მათ შორის სანქციები დაუწესდა ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარსა და მისი ქალიშვილის ნათლიას ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს. სანქცირებულთა ახალ სიაშაია „ლუკოილის“ მთავარი აქციონერი ვაგიტ ალეგპეროვი, რომლის ქონებაც 2021 წელს $25 მილიარდად იყო შეფასებული.
„უკრაინის აღმოსავლეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ახალ სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც კავშირშია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ მხეცობებში“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
მისი თქმით, სანქციების სამიზნე ყველა ის ადამიანი გახდება, ვინც პუტინის ომს მხარს უჭერს. „ხვალიდან ჩვენ ვაჩერებთ რუსული ფოლადისა და თუჯის იმპორტს, ასევე კვანტური ტექნოლოგიების ექსპორტს, რომელიც ასე სჭირდება პუტინს. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენი მიზანია პუტინის „ომის მანქანის“ გაჩერება“, -აღნიშნა ტრასმა.
24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს.
დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ.
24 მარტს ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
დიდი ბრიტანეთი: რუსეთს ყველაზე მკაცრი სანქციები ელის, რაც არასდროს უნახავს