კულება: ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდულაჰიანმა უკრაინის საგაეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას განუცხადა, რომ ირანი რუსეთის ომს უკრაინაში არ ემხრობა. ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, ირანელი კონტრაბანდისტების დახმარებით რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შესახებ.

„ირანი ეწინააღმდეგება რუსეთის ომს უკრაინასთან, მხარს უჭერს დიპლომატიურ გადაწყვეტას. მადლობელი ვარ საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულაჰიანის, რომ უარყო ბრალდებები რუსეთისთვის ირანული კომპანიების დახმარებით იარაღის მიწოდების შესახებ, ასევე სამედიცინო ჯგუფის უკრაინაში გაგზავნისთვის", - ამის შესახებ დიმიტრი კულებამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა.

ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ ირანმა რუსეთს კონტრაბანდისტების დახმარებით იარაღი მიაწოდა. 

ირანმა რუსეთს გადასცა ირანული წარმოების Bavar 373 საზენიტო სარაკეტო სისტემა და ასევე დაუბრუნა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა ЗРК С-300, რომელიც თეირანმა მანამდე მოსკოვისგან იყიდა, თქვა გაზეთის წყარომ, რომელიც დაეხმარა მხარეებს გადაზიდვის ორგანიზებაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების აკრძალვას, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ.

4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი კონტრაბანდის, [მათ შორის სამხედრო დანიშნულების საქონლის] გადასატანად, რომელიც სანქცირებას ექვემდებარება საქართველოს იყენებს. უწყების ცნობით, საქართველოს სპეცსამსახურებმა გასცეს განკარგულება, რომ ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ. საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.

მარტში, რუსეთის ხელისუფლებამ ჩინეთს სამხედრო ტექნიკის მიწოდება სთხოვა, უკრაინაში სამხედრო შეჭრის მხარდასაჭერად, ინფორმაცია უცხოურ მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა. თეთრმა სახლმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელები გააფრთხილა, იმ შედეგების შესახებ რაც რუსეთისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში დადგებოდა.

ჩინეთმა უარყო ინფორმაცია, რომ რუსეთმა პეკინს სამხედრო დახმარება სთხოვა. პეკინმა ვაშინგტონი „დეზინფორმაციის გავრცელებაში“ დაადანაშაულა. 

22 მარტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

The Guardian: რუსეთმა იარაღი ირანის კონტრაბანდული ქსელის მეშვეობით ერაყიდან მიიღო