ევროკავშირის ლიდერები მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პროევროპული პოლიტიკური გაერთიანების, „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ გამარჯვებას მიესალმნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირის კარი მოლდოვისთვის ღიაა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მოლდოვის გადაწყვეტილება შიშისა და უთანხმოების დათესვის ვერცერთმა მცდელობამ ვერ შეარყია.
„მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შენს გადაწყვეტილებას შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს. შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა. დემოკრატია. თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ შენ გვერდით დავდგებით ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენია,“ - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა წერს, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად, მოლდოველებმა დემოკრატია, რეფორმები და ევროპული მომავალი აირჩიეს.
მისი თქმით, „მოლდოველმა ხალხმა საკუთარი აზრი გამოთქვა და მათი გზავნილი ხმამაღალი და ნათელია.“ „ევროკავშირი მოლდოვის გვერდით დგას, გზის ყოველ ნაბიჯზე,“ წერს კოშტა.
მოლდოვაში 28 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“ უმრავლესობა შეინარჩუნა. მოლდოვის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 99,91%-ის დათვლის შედეგად, მოლდოვის მმართველმა პროევროპულმა "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" (PAS) 50.16% , ხოლო პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“ - 24,19% მიიღო. სანდუს პარტიამ პარლამენტში 55 მანდატი მოიპოვა.