ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთან კიევში პრესკონფერენცია გამართეს.
მანამდე პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად იმყოფებოდნენ კიევის ოლქში მდებარე ბოროდიანკაში, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედების შედეგად განსაკუთრებულად დაზარალდა.
„ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის დამცველებს ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს", - იუწყება პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარია.
უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის ორგანიზატორი პოლონეთია, რომელმაც უკრაინასთან ერთად უზრუნველყო მისი ლოგისტიკა და უსაფრთხოება.
პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები, უკრაინაში 13 აპრილს ჩავიდნენ.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ
პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ