ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართა

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (AA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის („ტვინინგის“ - დაძმობილების) გახსნის ცერემონია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. პროექტი - „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTIM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ევროკავშირმა დააფინანსა. პროექტის მიზანია სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურისა და სერვისების შემდგომი გაძლიერება ევროპული/საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

პროექტის მნიშვნელობასა და ბენეფიტებზე Europetime-თან ისაუბრეს მონაწილე მხარეებმა. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მარიამ გაბუნია აცხადებს, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება პრიორიტეტია. ამ მიმართულებით კი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას.

„ამ მიმართულებით უკვე დიდი ინვესტიცია ჩაიდო. ევროკავშირის დაფინანსებით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტომ ორი „ტვინინგის“ პროექტი უკვე წარმატებით განახორციელა. ეს არის მესამე პროექტი, რომელიც ასევე ემსახურება ამ სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით და გარდა ამისა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. აქედან გამომდინარე, ხსენებული პროექტის განხორციელებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი იტალიელი და ესპანელი პარტნიორების დახმარებით, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში არიან ჩართულნი, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო წარმატებული სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, უფრო გაძლიერებული შესაძლებლობებით, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ორი დღის წინ კი, კითხვარი მივიღეთ და სწორედ ახლა ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროკავშირთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას, მათ შორის პრიორიტეტია ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც ევროკომისიისთვისაც პრიორიტეტია. თავის დროზე, ვიდრე მოლაპარაკებას დავიწყებდით DCFTA-ზე (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) ევროკავშირმა ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება გამოყო და ერთ-ერთი სწორედ ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. შესაბამისად, მათთვისაც და ჩვენთვისაც ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის დახმარებით, კიდევ უფრო მეტი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგმება“, - განაცხადა მარიამ გაბუნიამ. 


ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაციის (UNE) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ვიტო ფერნიკოლა Europetime-თან საუბარში ამბობს, რომ პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსთვის, ასევე, იტალია-ესპანეთის კონსორციუმებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პროექტს.

„ჩვენ ვიწვევთ სხვა ექსპერტებს და ვთავაზობთ ძალიან მოქნილ გზას ჩვენს კოლეგებს. ვგეგმავთ რამდენიმე აქტივობას, დავეხმაროთ სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემცირდეს ტექნიკური ბარიერები ვაჭრობის კუთხით, რაც ერთ-ერთი ისტრუმენტია ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემის კუთხით, რომელიც ახლახან ვიხილეთ. ამრიგად, პროექტი ტექნიკური მხარეა, მაგრამ გლობალურად, ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახავთ გავლენას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ვიტო ფერნიკოლამ. 


თავის მხრივ, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს იმ თვალსაზრისით, რომ ის გავლენას ახდენს ხარისხის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე: „ამის ნაწილია მეტროლოგია. ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროექტის განხორციელებაში, მათ შორის იტალიიდან, ასევე - ესპანეთიდან, შესაბამისი გამოცდილება აქვთ და მიზანიც სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება და ბენეფიტებით სარგებლობაა.

რასაკვირველია, ეს საკითხი უფრო ფართო სპექტრში უნდა განვიხილოთ. ვგულისხმობ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, თუმცა ხსენებულ საკითხს ასევე დამატებით მნიშვნელობას სძენს საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემა იმპულსს აძლევს პროცესს. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ვალდებულების აღება. ბევრი ტექნიკური ასპექტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ველით, რომ ამ პროცესს ყველა მხარე ყურადღებით მოეკიდება“, - განუცხადა იტალიის ელჩმა Europetime-ს.


ინფორმაციისთვის, პროექტის იმპლემენტაციის პროცესი 2022 წლის პირველ თებერვალს დაიწყო. მისი მთავარი ბენეფიციარები არიან საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTIM) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო. პროექტს ახორციელებენ კონსორციუმის პარტნიორები ევროკავშირიდან: ACCREDIA - იტალიის ეროვნული ეროვნული აკრედიტაციის ორგანო; INRIM - იტალიის მეტროლოგიური ეროვნული ინსტიტუტი; UNI - იტალიის სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანო; CEM - ესპანეთის მეტეოროლოგიური ცენტრი; FIIAPP - საერთაშორისო და პარა-იბერო-ამერიკული ფონდი ადმინისტრაციისა და საჯარო პოლიტიკისთვის F.S.P.; UNE - ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაცია. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 1 400 000 ევროს შეადგენს.