იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის

მსხვილმა იტალიურმა ნავთობკომპანია Eni-მ ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვების კვოტის გაზრდისა და ევროპაში მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ Reuters ენერგოკომპანიაზე დაყრდნობით წერს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იტალია ცდილობს, ენერგომატარებლებზე ფასის ზრდის მიუხედავად, რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.

11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 

ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება.

23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. 


ასევე წაიკითხეთ 

უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს

იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს