საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგას იან ლიპავსკის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს და იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ პერსპექტივას, რომელიც საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის გაიხსნა გაწევრიანების განაცხადის გაკეთების და შესაბამისი კითხვარების გადმოცემის სახით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მინისტრმა ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩეხეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ასოცირებული ტრიო და ამ ქვეყნების ინტეგრაციული მისწრაფებების მხარდაჭერა იქნება.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მათ შორის უკრაინის პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. ამ ფონზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მეტი ჩართულობის აუცილებლობას. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ აღნიშნა ჩეხეთის მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერასა და ამ პროცესში ჩეხეთის პრაქტიკული ხასიათის დახმარებაზე.

ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას, მინისტრებმა აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი, რაც არსებობს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით და გამოთქვეს მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ განხორციელებას უწყობს ხელს.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ილია დარჩიაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიიწვია.


ილია დარჩიაშვილი: გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი