ოპოზიციამ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა.

დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“.

„უპირველეს ყოვლისა, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი წვლილისთვის ევროკავშირის მიერ გასულ თვეში ჩვენი ქვეყნის სახელით შეტანილი ევროკავშირში გაწევრინებაზე განაცხადის პასუხად, შესაბამისი კითხვარის სწრაფ მიწოდებაში. უაღრესად დამაიმედებელია, რომ ევროკავშირმა აჩვენა პოლიტიკური ნება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შესაბამისი განხილვის პროცედურის დაჩქარების საკითხში. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი მრავალი უთანხმოების მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამ კონკრეტულ კომუნიკაციაში ჩვენ არ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ყველა იმ გადაუჭრელ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ამ შეშფოთებით როგორც თქვენ, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტებს. თუმცა ცხადია, რომ არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება.

ამის გათვალისწინებით და ასევე, შესაბამისი აღმასრულებელი უწყებების მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის მომზადების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, ჩვენ მოვთხოვეთ, მთავრობას გადმოეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით. აქამდე, მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება.

ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ”, - ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ 

არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი; თეონა აქუბარდია, „სტრატეგია აღმაშენებელი“; ანა ბუჩუკური, დეპუტატი „საქართველოსთვის“; ხატია დეკანოიძე დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი; ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; სალომე სამადაშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; ხათუნა სამნიძე, დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტია“.


ამავე თემაზე

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა

ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ვერავინ იტყოდა, ეს დღე როდის დადგებოდა

ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი