ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მიერ საჯარო ეროვნული დებატების გამართვის აუცილებლობაზე მიუთითებს ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი.
ჰოჯესის ხედვით, ეს მიდგომა უნდა მოიცავდეს საზოგადოების მდგრადობის განმტკიცებას, რომელსაც დაუპირისპირებს კრემლის გავლენას და მის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, ისევე როგორც კორუფციულ გავლენებს.
„საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის ინტერესის საგანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში დომინირება“, - აღნიშნავს ჰოჯესი.
ყველა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რაც მოხდა რუსეთის უშუალო თუ ირიბი ჩარევით - კონფლიქტები, კიბერდანაშაულები, არჩევნებში ჩარევა თუ ჰიბრიდულ ომებში მისი როლი - დადგა თუ არა დრო, რომ დასავლეთმა შეიმუშავოს უფრო ერთიანი პოლიტიკა და მიდგომა? ამის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი გადის თუ არა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოზეც და შეიძლება თუ არა ეს კონკრეტული ბერკეტი საქართველო და უკრაინისთვის MAP-ის მიღებაც იყოს, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ბენ ჰოჯესს ესაუბრა.
_ბატონო გენერალო, რომ შევაჯამოთ წელიწადი, რომელიც დასასრულს უახლოვდება, თქვენი აზრით, ამ გამოწვევებით, კრიზისებით სავსე წელიწადმა რა შეცვალა და რისი აუცილებლობა დაგვანახა იგივე ნატოსა და ევროკავშირის პოლიტიკის კუთხით? აღნიშნულმა კრიზისებმა უფრო გაზარდა კონსოლიდირებული და კოორდინირებული პოლიტიკის მოთხოვნილება, ალიანსების გაფართოების პერსპექტივები (ნატო, ევროკავშირი) თუ პირიქით, უფრო მოზომილი და ფრთხილი პოლიტიკის ტენდენცია წარმოქმნა?
ვფიქრობ, დროა საქართველო იყოს ნატოს წევრი! თუმცა, მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვიტილება ნამდვილად სურს თუ არა ეს. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამართოს საჯარო ეროვნული დებატები ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ერთიანი მიდგომა, რომელიც მოიცავს საზოგადოების მდგრადობის განმტკიცებას და რომელსაც დაუპირისპირებს კრემლის გავლენას და მის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, ისევე როგორც კორუფციულ გავლენებს.
ამავე დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოხატოს მდგრადი სტრატეგიული ინტერესი საქართველოს მიმართ, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიისა და უფრო დიდი შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რათა კრემლმა დაინახოს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თქვენი ქვეყანა და რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მეგობრებს, ისევე როგორც ჩვენს ინტერესებს.
_ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს და ზოგადადაც ,,რუსეთი არ გავაღიზიანოთ’’ დევიზით შთაგონებული პოლიტიკა არაერთხელ დავრწმუნდით, რომ მცდარია. თქვენი აზრით, ყველა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რაც მოხდა რუსეთის უშუალო თუ ირიბი ჩარევით - კონფლიქტები, კიბერდანაშაულები, არჩევნებში ჩარევა თუ ჰიბრიდულ ომებში მისი როლი - დადგა თუ არა დრო, რომ დასავლეთმა შეიმუშავოს უფრო ერთიანი პოლიტიკა და მიდგომა? ამის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი გადის თუ არა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოზეც და შეიძლება თუ არა ეს კონკრეტული ბერკეტი საქართველო და უკრაინისთვის MAP-ის მიღებაც იყოს?
საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის ინტერესის საგანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში დომინირება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. რა სარგებელი მოუტანა საქართველოს მისმა მცდელობამ, ითანამშრომლოს მოსკოვთან ბოლო 30 წლის განმავლობაში? რა მოიგო ქართველმა ახალგაზრდობამ იმით, რაც მოსკოვმა შესთავაზა საქართველოს დახმარების სახით?
ერთადერთი, რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ და რომ რუსული ჯარები ასევე იმყოფებიან მთიან ყარაბაღში/აზერბაიჯანში, ისევე როგორც სომხეთის ბაზებზე.
მიჩნდება განცდა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, კვლავ კრემლის ზეგავლენის ქვეშ დარჩეს. სხვა მხრივ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ მისცეს რუს ე.წ. „მშვიდობისმყოფელებს“ სომხეთში მოსახვედრად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება.
რაც შეეხებაე.წ. „კასპიის პლატფორმას“, რომელსაც საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს - ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაუგებარი ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, და კრემლს, ირანთან ერთად, რეგიონში კიდევ უფრო მეტი ზეგავლენის ბერკეტებს სთავაზობს.
რა სიკეთე შეუძლია მოუტანოს ყოველივე ამან საქართველოს? ამავე დროს, ეს ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან მდგრადი, სტრატეგიული ინტერესის დემონსტრირების წარუმატებლობასაც - გამოდის, ჩვენ მნიშვნელოვანი მოვლენების მიღმა აღმოვჩნდით.
_საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არასოდეს ყოფილა საქართველო-ამერიკას შორის თანამშრომლობა ისეთ მაღალ ნიშნულზე,როგორც ახლაა. თუ ეს ასეა, თქვენი აზრით,იქნება თუ არა საკმარისი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თხოვნა ამერიკისადმი რომ გაზარდოს როტაციული ძალები საქართველოში და გააძლიეროს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა თუნდაც პარტნიურულ-საწვრთნელ ფორმატში?
ჩვენი საელჩო თბილისში საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებს, აგრძელებს რა გამორჩეული ამერიკელი დიპლომატების ტრადიციას, რომლებსაც საქართველოში უმუშავიათ.
თუმცა, ჩემი აზრით, აშშ-ის მთავრობამ და კონგრესმა ვერ შეძლეს მდგრადი ინტერესის და ინვესტიციის ისეთ დონეზე დემონსტრირება, რაც დაეხმარებოდა საქართველოს კრემლის ზეგავლენისთვის უფრო მეტი წინააღმდეგობა გაეწია.
ვიმედოვნებ, ამ მხრივ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდანაც.
ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს მთავრობებმა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები კერძო ინვესტიციების შესაძლებლობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამისთვის კი აუცილებელია დამოკიდებულების შეცვლა როგორც საქართველოს მთავრობაში, ასევე პარლამენტში.
_საქართველოში პორტების განვითარება-გაფართოება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. რეგიონში მიმდინარე პროცესებმა თვალნათლივ დაგვანახა ანაკლიის პროექტის და უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა, რომელიც როგორც უსაფრთხოების, ასევე განვითარების გარანტიცაა. თქვენი აზრით, საკმარისი იქნება თუ არა საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება აღნიშნული პროექტის კვლავ დღის წესრიგში დასაბრუნებლად?
რა საკვირველია, არა! საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, თუმცა დღემდე რეალურად არაფერი გაკეთებულა ამ კუთხით და მეც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად არის დაინტერესებული ამ პროექტით.
ჩემი აზრით, ეს იქნებოდა უდავოდ ღირებული აქტივი საქართველოსთვის, რაც მისცემდა მას შესაძლებლობას საბოლოოდ გამხდარიყო პორტალი ევრაზიასა და ევროპას შორის.
ამგვარად, საქართველო გახდებოდა ევროპის ნაწილი და ლოგისტიკის ცენტრი, რომელშიც ევროპაც და ამერიკაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩადებდნენ. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც კრემლი და კრემლის მომხრეები ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს.
ანაკლიის და მსგავსი საერთაშორისო პროექტების გარეშე საქართველო, სამწუხაროდ, მოიაზრება მხოლოდ როგორც სამხრეთ კავკასიის ნაწილი, რომელიც რუსეთის, თურქეთისა და ირანის გავლენის ქვეშ იმყოფება, და არა როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული გავლენის მქონე ევროპული ქვეყანა. ერთადერთი, ვინც რეალურად სარგებელს იღებს ამ სიტუაციიდან, რა თქმა უნდა, არის კრემლი და არა ქართველი ახალგაზრდობა.