ბრიტანეთმა სანქციები აბრამოვიჩის გარემოცვიდან კიდევ ორ ოლიგარქს დაუწესა

ბრიტანეთმა სანქციები კიდევ ორ რუს ოლიგარქს დაუწესა. ევგენი ტენენბაუმი და დავიდ დავიდოვიჩი რუსეთის პრეზიდენტისა და რომან აბრამოვიჩის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ.

ამ დროისთვის, ბრიტანეთში მათი ყველა აქტივი გაყინულია. ოლიგარქების კუთვნილ თვითმფრინავებსა და იახტებს ქვეყნის საგადასახადო სამსახური აკონტროლებს. ამ ორი ოლიგარქის მფლობელობაში ბრიტანეთში არსებული აქტივების ღირებულება 10 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

„ეს ბრიტანეთის ისტორიაში უცხოური აქტივებს გაყინვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

ევგენი ტენენბაუმი, რომან აბრამოვიჩის საქმიანი პარტნიორი და ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ დირექტორია. ცნობილია, რომ აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვას ცდილობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს, 24 თებერვალს, ტენენბაუმმა საინვესტიციო კომპანია Evrington Investments Limited-ის ხელმძღვანელობა გადაიბარა, მარტიდან კომპანიას დავიდოვიჩი მართავს.


შეგახსენებთ, რომ კუნძულ ჯერსის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის $7 მილიარდი [5,4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი] აქტივები დაუყადაღა,  რაც მედიის ცნობით, აბრამოვიჩის ქონების ნახევარია. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რუსი ოლიგარქი $13,9 მილიარდით 131-ე ადგილზეა.

დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები მარტში დაუწესა. მისი აქტივები ქვეყნის ტერიტორიაზე გაყინულია, ასევე აეკრძალა გარიგებები ბრიტანეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე შეეზღუდა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ 

აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა

რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News