სახელმწიფო დეპარტამენტი: ბაიდენის ადმინისტრაციას ვერაფერი შეუქმნის დაბრკოლებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „არაფერი გადაარწმუნებს“ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმისგან, რომ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ პრაისმა ნედ პრაისმა ისაუბრა, როდესაც ჰკითხეს შეერთებულ შტატების მიმართ რუსეთის გზავნილის შესახებ,  არ გააგრძელოს უკრაინის შეიარაღება.

ნედ პრაისის თქმით, კრემლს „არ უნდა გაუკვირდეს“ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ აიღო უკრაინის მხარდასაჭერად ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრის დაწყებამდე.

„თუ კრემლის ბრალდება არის ის, რომ აშშ და ჩვენი პარტნიორები მთელ მსოფლიოში უწევენ მილიარდობით დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარებას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს, ზუსტად იმ დახმარებას, რასაც ჩვენი უკრაინელი პარტნიორები იყენებენ, მაშინ ჩვენ „დამნაშავეები“ ვართ. სწორედ უსაფრთხოების დახმარებამ აჩვენა არაჩვეულებრივი ეფექტი რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის შეიარაღების გაგრძელებას არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორი დღის წინ დაანონსებული ახალი 800 მილიონიანი დახმარების პაკეტიდან იარაღისა და აღჭურვილობის პირველი ტრანში უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა. აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 7 აპრილს განაცხადა.

30 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ

აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა - CNN