Reuters: გერმანია სამხედრო ბიუჯეტის €2 მილიარდით გაზრდას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სამხედრო ბიუჯეტის €2 მილიარდით გაზრდას გეგმავს, ძირითადად, უკრაინის დასახმარებლად, ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. წყარომ აღნიშნა, რომ ამ თანხიდან დაახლოებით 400 მილიონი ევრო განკუთვნილია ევროპის მშვიდობის ფონდისთვის, რომელიც იარაღს ყიდულობს უკრაინისთვის.

ოთხშაბათს, შოლცმა რადიოსადგურ RBB-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაგრამ ამას პარტნიორებთან კოორდინაციით გააკეთებს.

კანცლერმა განმარტა, რომ ის გულისხმობდა ისეთ იარაღს, რომელიც არ მოითხოვდა გერმანიის სამხედრო ძალების ყოფნას უკრაინაში და რისთვისაც არ იქნებოდა საჭირო იქ ჯარისკაცების გაგზავნა საბრძოლო მასალითა და სათადარიგო ნაწილებით.


26 თებერვალს, ბერლინმა გადაწყვიტა, კიევისთვის გაეგზავნა 1,000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემა Stinger-ი. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ ნება დართო ნიდერლანდებსა და ესტონეთს, უკრაინაში გერმანული წარმოების იარაღი გაეგზავნათ. NATO-ს სტატისტიკის მიხედვით, გერმანიამ 2021 წელს თავდაცვისთვის მშპ-ს 1,53% დახარჯა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.