მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს - CNN-ის ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას არ სურს, დათმოს ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორია, რათა რუსეთთან ომი დაასრულოს და რომ უკრაინელი სამხედროები მზად არიან დონბასში რუსეთთან ბრძოლისთვის. ზელენსკის თქმით, დონბასში ბრძოლას შეუძლია, გავლენა მოახდიონოს მთლიანად ომის მიმდინარეობაზე.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას არ აქვს გარანტია, რომ მოსკოვი კვლავ აღარ შეეცდება კიევის აღებას, თუ რუსეთი დონბასს დაიკავებს.

  • „ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი არდაშვება ჩვენ მიწაზე, რადგან ეს არის ბრძოლა... მას შეუძლია გავლენის მოხდენა მთლიანად ომზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

იქნება თუ არა უკრაინა გამარჯვებული კონფლიქტში, ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა, იქნება“. ზელენსკის თქმით, მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინი გამოიყენებს ტაქტიკურ, ბირთვულ იარაღს, რადგან ის არ აფასებს უკრაინელთა სიცოცხლეს.

„მე იგივე აზრი მაქვს, რაც პრეზიდენტ ბაიდენს. შეხედეთ, რა მოხდა ბუჩაში. გასაგებია, რომ ეს ომი კი არა, გენოციდია. მათ უბრალოდ ხალხი დახოცეს, ჯარისკაცები კი არა, ხალხი. უბრალოდ ხალხს ესროდნენ ქუჩებში. ხალხი ველოსიპედით დადიოდა, ავტობუსით ან უბრალოდ, დადიოდა. ქუჩა... ქუჩებში გვამები ეყარა“.


როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გენოციდზე ბაიდენის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ტერმინ გენოციდთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“. CNN ზელენსკის ამ საკითხზეც ესაუბრა.

ზელენსკის თქმით, ის გასულ კვირას ესაუბრა მაკრონს და სურს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვიოს უკრაინას, რათა უშუალოდ ნახოს სისასტიკე. უკრაინის პრეზიდენტს ასევე სურს, რომ ბაიდენი ჩავიდეს უკრაინაში.

ზელენსკის ჰკითხეს, რას ფიქრობს მთელ მსოფლიოში პოლიტიკოსებზე, რომლებიც ამბობდნენ  - „აღარასდროს ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე“, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება მის ქვეყანაში.

„მე არ მჯერა მსოფლიოსი, ჩვენ არ გვჯერა სიტყვების. რუსეთის ესკალაციის შემდეგ ჩვენ არ გვჯერა მეზობლების. ჩვენ არ გვჯერა ამ ყველაფრის. ერთადერთი საკუთარი თავის რწმენაა, ჩვენი ხალხის რწმენა, ჩვენი შეიარაღებული ძალების რწმენა და რწმენა იმისა, რომ ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ზელენსკიმ დაამატა, რომ მზად არის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისთვის, რათა სცადოს ომის დასრულება, მაგრამ რუსეთის თავდასხმები უკრაინელებზე ართულებს ამის გაკეთებას.

„თუ საუბრის შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ვისაუბრებთ. მაგრამ საუბარი მხოლოდ რუსული ულტიმატუმის ქვეშ? ეს არის კითხვა ჩვენ მიმართ და არა იმაზე, არის თუ არა დიალოგი კარგი თუ ცუდი. ეს შეუძლებელია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.