საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს - სუს-ის ანგარიში

საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი.

სუს-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა.

„2021 წლის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურები - თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური.

2021 წელს მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა, არსებული მონაცემებით, სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის 125-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება. აღნიშნულის ფონზე, კვლავაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა“,-აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნიდა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას.


  •  უწყების შეფასებით, ანექსიის პოლიტიკის პრიზმაშია განსახილველი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე.
 
ანგარიშში წერია, რომ არსებული მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 50%-ს (69 472 492 აშშ დოლარი), ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 83%-ს (84 898 637 აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაცია აფინანსებს.
 
სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, დეზინფორმაციული კამპანიები და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა აქტივობები.
 
„დე ფაქტო რეჟიმების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები რუსული ე.წ. საინფორმაციო ომის ნაწილია და ადგილობრივი მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. მათი ძირითადი მიზანი ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციაა“,-აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
 
  • 2021 წელს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის 139 შემთხვევა დაფიქსირდა. 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 130 შემთხვევა დააფიქსირა. 2020 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, უკანონო ბორდერიზაციის 16, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი, 60 შემთხვევაა დაფიქსირებული.