რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ძვირად დაუჯდება სერბეთს, განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა TV Pink-თან ინტერვიუში.
„რუსეთი მხარს უჭერს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას 2001 წლიდან... მე მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ რუსულ გაზს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ ფასად", - განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთი, რომელიც თითქმის მთლიანად რუსულ გაზსა და ნავთობზეა დამოკიდებული, კრიტიკის ქვეშ მოექცა რუსეთის ომთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის გამოცხადების გამო და უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.
„ეს ომი ასევე ეხება სერბეთს. ვალდებულები ვართ, ვიმოქმედოთ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და პატივი ვცეთ პრინციპებს", - განაცხადა ვუჩიჩმა.
უფრო ადრე, სერბეთის პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენელს ალექსანდრე ბოკან-ხარჩენკოს შეხვდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი, თავის ევროპულ გზაზე, გააგრძელებს „ტრადიციული მეგობრობისა და პარტნიორობის შენარჩუნებას რუსეთთან და ჩინეთთან“.
შეხვედრაზე განიხილეს სერბეთ-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხი, მათ შორის ენერგეტიკის სფერო, იმის მოლოდინით, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყება გაზის მიწოდების რაოდენობაზე, ფასებსა და სხვა პირობებზე.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება
რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა