რუმინეთის ელჩი: ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ მომხდარიყო

რუმინეთის საქართველოსთან ურთიერთობაზე, რუმინეთის საგარეო პოლიტიკაზე, შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუს პარლამენტში მოუსმინეს. პარლამენტის ცნობით, დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა. რაზვან როტუნდუმ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა რუმინეთის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის მისწრაფებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ისევე, როგორც უკრაინის და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ დავგმეთ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის ხელყოფის მცდელობები. რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესაბამის დეკლარაციას, რომ ხაზი გაგვესვა ჩვენი მხარდაჭერისთვის და კონკრეტულად ყოფილიყო ნახსენები როგორც საქართველო ასევე, უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ ასევე, მხარს ვუჭერთ კითხვარების მიწოდებას სამივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა დიპლომატმა.


რაზვან როტუნდუმ საქართველოს NATO-სთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის NATO-სთვის ძალიან ღირებული პარტნიორი. ელჩმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს NATO-ს მისიებში ჩართულობის შესახებ.

დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა. „ჩვენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა მხარს ვუჭერთ რუსეთის მიმართ დაწესებულ ყველა შესაბამის სანქციას, ერთად ვდგავართ აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, ყველა იმ ზომას, რომელიც გაატარა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომ რუსეთის მხრიდან არ მომხდარიყო სანქციების გვერდის ავლა. ასევე, პატივს ვცემთ საქართველოს მიერთებას ყველა იმ რეზოლუციებისადმი, რომელიც მიმართულია ამ კონფლიქტის წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.