ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს აშშ-ის მიერ გაგზავნილი „ჰაუბიცების“ გამოყენებაში გადაამზადებენ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინულ ჯარს მოამზადებს, თუ როგორ გამოიყენონ უკრაინაში გაგზავნილი ჰაუბიცების საარტილერიო სისტემები, განაცხადა ორშაბათს აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა.

"ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ტრენინგის დაწყებას მომდევნო რამდენიმე დღეში", - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.


წვრთნებს სავარაუდოდ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთსა და რუმინეთში განლაგებული ამერიკული ჯარები ჩაატარებენ.  ამასთან, შესაძლოა, იყოს დამატებითი სასწავლო სესიები სხვა იარაღთან დაკავშირებითაც, რომელიც შედის სამხედრო დახმარების უახლეს პაკეტში.

შეერთებულმა შტატებმა რიგი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ თვის დასაწყისში უკვე გაწვრთნა რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი.

800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა.


ინფორმაციისთვის, ჰაუბიცა არის საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა. ჰაუბიცები შედიან საბრძოლო არტილერიის ჯგუფში, მათი კალიბრი 100 მილიმეტრი და მეტია, შედარებით მოკლე ლულა, ცვალებადი ჭურვები, სროლის საკმაოდ მაღალი სიჩქარე - 0,5-1-დან 6 გასროლამდე წუთში, სროლის მანძილი 17 კმ.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.