IMF: უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდება, რუსეთის - 8.5%-ით

IMF-ის შეფასებით საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის ფედერაციაზე უმძიმესი გავლენა ექნება და 2022 წლის ბოლოს რუსეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 8.5%-ით შემცირდება. ორგანიზაცია ომით დაზარალებული უკრაინის ეკონომიკის 35%-ით შემცირებას ვარაუდობს.

სავალუტო ფონდს უკრაინის შესახებ მშპ-ის ვარდნის პროგნოზის გარდა, სხვა ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირება უჭირს, რის გამოც ცხრილში ეკონომიკური პარამეტრების უმეტესობაზე საკუთარ პროგნოზს არ წერს, მათ შორისაა მშპ ერთ მოსახლეზე, ინფლაცია და სხვა პარამეტრები.

უმუშევრობა რუსეთში 9,3%-მდე გაიზრდება. 2021 წელს უმუშევრობის დონე 4,8%-ს შეადგენდა. 


რუსეთის ეკონომიკა 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოსა და მესამე კვარტალში სტრუქტურული ტრანსფორმაციის აუცილებლობის წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების ზრდა გარკვეულ პროდუქტებზე და მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ 18 აპრილს, სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად, 17.5%-ით გაიზარდა და რუსი ხალხის შემოსავლებზე ინფლაციის გავლენის შემსუბუქების მიზნით, მთავრობას გადასახადების ინდექსირებისკენ მოუწოდა. თუმცა, მისი მტკიცებით, დასავლეთმა ეკონომიკური სანქციების დაწესებით თავის გეგმას მაინც ვერ მიაღწია.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 18 აპრილს საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ  დედაქალაქის 200 000 მცხოვრები სამუშაოს დაკარგვის საფრთხის  წინაშეა, იმ ფონზე, როცა დასავლეთის კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ქვეყანა დატოვეს.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.

ასევე წაიკითხეთ

მოსკოვის მერი: ადგილობრივი ბაზრიდან დასავლეთის კომპანიების გასვლის შემდეგ, საფრთხეშია 200 000 სამუშაო ადგილი