რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი პროდუქტების მარაგების შემცირებასა და მაღალ ფასებს პროგნოზირებს

რუსეთის ეკონომიკა 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოსა და მესამე კვარტალში სტრუქტურული ტრანსფორმაციის აუცილებლობის წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების ზრდა გარკვეულ პროდუქტებზე და მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ დღეს, სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.

„დასრულდება პერიოდი, როცა რუსეთის ეკონომიკა მარაგების ხარჯზე ცხოვრობდა და უკვე მეორე კვარტალში გაჩნდება ბიზნესების ახალ მოდელზე გადაწყობის აუცილებლობა“, - აღნიშნა ნაბიულინამ. მისი თქმით, ინფლაცია განპირობებული იქნება მაღალი მოთხოვნით და მოწოდების სიმცირით. „ამიტომ ჩვენ შევეცდებით, ნებისმიერი მეთოდებით დავაბრუნოთ ის [ინფლაცია] უფრო დაბალ ნიშნულზე.“

„სანქციები პირველად შეეხო ფინანსურ ბაზარს, მაგრამ ახლა ისინი დაიწყებენ მზარდ გავლენას ეკონომიკის რეალურ სექტორებზე. მთავარი პრობლემები დაკავშირებული იქნება არა ფინანსურ ინსტიტუტების სანქცირებასთან, არამედ იმპორტთან და საგარეო ვაჭრობის ლოჯისტიკისა და მომავალში რუსული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვასთან", - განაცხადა ნაბიულინამ.


დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად, 17.5%-ით გაიზარდა და რუსი ხალხის შემოსავლებზე ინფლაციის გავლენის შემსუბუქების მიზნით, მთავრობას გადასახადების ინდექსირებისკენ მოუწოდა. თუმცა, მისი მტკიცებით, დასავლეთმა ეკონომიკური სანქციების დაწესებით თავის გეგმას მაინც ვერ მიაღწია.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 18 აპრილს საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ  დედაქალაქის 200 000 მცხოვრები სამუშაოს დაკარგვის საფრთხის  წინაშეა, იმ ფონზე, როცა დასავლეთის კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ქვეყანა დატოვეს


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.


ასევე წაიკითხეთ

მოსკოვის მერი: ადგილობრივი ბაზრიდან დასავლეთის კომპანიების გასვლის შემდეგ, საფრთხეშია 200 000 სამუშაო ადგილი