Starlink-ი უკრაინაში ოფისის გახსნას გეგმავს

ინტერნეტთან წვდომის გლობალური სატელიტური სისტემა Starlink-ი უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.

მინისტრმა უკვე დაავალა შესაბამის ორგანოებს, რაც შეიძლება მალე დაასრულონ სერტიფიცირების, გაზომვების და სიხშირეების მიწოდების აუცილებელი პროცედურები.

„ახლა უკრაინის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია Starlink-ის თანამედროვე ტექნოლოგიის გარეშე. ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება უკრაინელებისთვის. ყოველივე ამის შემდეგ, დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი დადებითი სიახლე: Starlink-მა დაიწყო მუშაობა უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნაზე", - იტყობინება მინისტრი.

ფედოროვის თქმით, დღეს Starlink-ი ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაკავშირებასა და სპეციალური ოპერაციების განხორციელებაში. ასევე, სადგურები მხარს უჭერს კრიტიკული ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო ობიექტების, ჯანდაცვის დაწესებულებების ფუნქციონირებას და თესვის სეზონსაც კი.


ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს.

ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.