დღეს, 24 სექტემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან.
,,ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევის მემორიალს", - ნათქვამია ინფორმაციაში.