საჰაერო ძალები: უკრაინას პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავი არ მიუღია
უკრაინა სათადარიგო ნაწილების მიღებას ადასტურებს, მაგრამ არა - ახალი თვითმფრინავების. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიუხედავად პენტაგონის ადრინდელი განცხადებისა, რომ უკრაინამ მიიღო ახალი თვითმფრინავები და სათადარიგო ნაწილები, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყანას „პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავი არ მიუღია“.
„უკრაინას პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავი არ მიუღია! აშშ-ის მთავრობის დახმარებით, მივიღეთ სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები შეიარაღებულ ძალებში საჰაერო ხომალდების ფლოტის აღდგენისა და შეკეთებისთვის, რაც საშუალებას მისცემს მას, მეტი აღჭურვილობის ექსპლუატაცია მოახდინოს“, - აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. ამავე დღეს, პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინა იღებს მოიერიშე თვითმფრინავებს, ნაწილებს საჰაერო ძალების გასაძლიერებლად.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.