თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები საქართველოში ვიზიტით მყოფ, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ.
პარლამენტის ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს NATO-ს გაფართოების გადაწყვეტილების გადაუდებელ საჭიროებაზე და მასში საქართველოს ინტეგრაციაზე.
„შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებას, განსაკურებით, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა, კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ჯეიმს აპატურაისთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და თავმჯდომარის მოადგილეები თეონა აქუბარდია და ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. დღესვე, თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს მართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. 20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში მოუსმინა.
ამავე თემაზე
ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა