რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება - რა საკითხები განიხილა აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაის მასპინძლობს. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და დავით სუჯაშვილმა ისაუბრეს თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე. ხაზგასმით აღინიშნა კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების ინიციატივაში NATO-ს და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი როლი.

გამოიკვეთა განგრძობითი და მზარდი თანამშრომლობის აუცილებლობა, როგორც NATO-ს, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მზადყოფნა საქართველოსთვის პრაქტიკული თანამშრომლობის მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს მართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას.


ამავე თემაზე

ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა

ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ