ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ

საქართველოში ვიზიტისას, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებასაც განიხილავს.

20 აპრილს, პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოსმენამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიბერთავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინაზე შეტევის ნაწილია, ამიტომ, ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოსთვისაც, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება.

„ჩვენ გვინდა, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ და ჩვენ გვაქვს იდეები, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. რაც შეეხება ჰიბრიდულ თავდასხმებს, ეს არის კოორდინირებული შეტევები დეზინფორმაციით, ენერგეტიკული კუთხით და სხვა. ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს იდეები, რომლებსაც უფრო დეტალურად სპეციალისტებთან ერთად განვიხილავ. როდესაც საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, ევროპის ენერგომომარაგებას, საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, იმ ფონზე, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთიდან ენერგიის მიღებას აჩერებენ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც აქ განვიხილავთ, კერძოდ, თუ როგორ შეუძლია საქართველოს უკეთ დაიცვას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა კიბერთავდასხმებისგან, ფიზიკური თავდასხმებისგან და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ თანამშრომლობას ვაპირებთ წელს, მადრიდის სამიტისთვის, სადაც ველი, რომ NATO-ს მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, NATO-ს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთვის. ამასთან, გვექნება კონკრეტული იდეები, რათა მეტი გავაკეთოთ საქართველოს დასახმარებლად“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, რუსეთის ომმა უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა გრძელვადიან პერსპექტივაში. პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ რთულ გარემოში საჭიროა უფრო მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის.


ამავე თემაზე

ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა