უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მედიასთან დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მოსკოვის წინადადებები მიიღო და ეცნობა.
„უკრაინამ სტამბოლის რაუნდის ფარგლებში გადასცა ოპონენტ მხარეს თავისი წინადადებები გადაწყვეტის ფორმულასთან დაკავშირებით. მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, შემდგომში ჩვენს ქვეყანაზე თავდაუსხმელობის უზრუნველსაყოფად. რუსეთის მხარემ შეისწავლა, წინადადებები შემოგვთავაზა და გამოხატა თავისი შემხვედრი პოზიცია. შემდგომში ჩვენი ჯერია, შევისწავლოთ, შევადაროთ, გამოვიტანოთ დასკვნები, მათ შორის პოლიტიკურ-იურიდიული ხასიათისა“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ პოდოლიაკმა.
დღესვე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ, მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში, მოსკოვმა უკრაინას გადასცა დოკუმენტის პროექტი „მკაფიო ფორმულირებებით“ და „პასუხს ელის“.
12 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "ჩიხურ სიტუაციაში" დაბრუნდა
7 აპრილს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცახდა, რომ კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება.
29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.
უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ
ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: ჩვენ არავისი გვჯერა, არცერთი ლამაზი სიტყვის