უკრაინამ შეთანხმების ახალი პროექტი წარმოადგინა , სადაც კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„უკრაინამ მოლაპარაკების ჯგუფში შეთანხმების პროექტი წარმოადგინა, სადაც სახეზეა რომ უკრაინა სტამბოლში 29 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილ წინადადებებს შორდება. უკრაინამ ეს წინადადებები დააფქირა დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია“, - ლავროვის სიტყვებს რუსული მედია ციტირებს.
„ცვლილებების მიუხედავად რუსეთის დელეგაცია განაგრძობს პოლაპარაკების პროცესს და შეეცდება შეთანხმების საკუთარი პროექტი გაიტანოს, სადაც ყველა საწყისი საკვანძო პოზიცია და მოთხოვნა სრულად არის გაწერილი“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების უუნარობა საუბრობს კიევის სურვილზე, შეაფერხოს და შეარყიოს მოლაპარაკებების პროცესი.
მისი თქმით, მიზეზი დასავლეთის სურვილშია უბიძგოს უკრაინულ მხარეს საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ.
29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.
უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: ჩვენ არავისი გვჯერა, არცერთი ლამაზი სიტყვის