ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმის ფასი, რაც გააკეთა ბოროდიანკაში და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში.
- დღეს დილით, ბოროდიანკაში წავედი, რათა საკუთარი თვალით მენახა, რა ვითარებაა ადგილზე. შევხვდი ხალხს. სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის ასახსნელად, რასაც ვგრძნობ არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები, ის უნდა დაისაჯოს და ის დაისჯება. მათ უნდა გადაიხადონ იმის ფასი, რაც გააკეთეს უკრაინის ბევრ სხვა ქალაქსა და სხვა ადგილებში", - განაცხადა მიშელმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა.
„შარლ მიშელთან შეხვედრისას განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ვისაუბრეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის პასუხებზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ამავე თემაზე
შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ